Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დააგროვე შენი მიზნებისთვის – თიბისის ანაბრების კამპანია

თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ.

ანაბარი „ჩემი მიზანი“-ის დახმარებით, შესაძლებელია დაისახო კონკრეტული მიზანი და დაზოგო თანხა ეტაპობრივად. ის მარტივად მართვადია მობაილბანკით და მიზნის მიღწევაში მცირე, რეგულარული შენატანებით გეხმარება.

კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სპეციალურად მომზადებულ ტურისტულ პაკეტებზე*, რომლებიც მოიცავს რბოლაზე დასწრების ყველა არსებულ პირობას. ასევე, კამპანიის მიზანია წაახალისოს დაზოგვის კულტურა და ამასთან ერთად, მისცეს მომხმარებელს კონკრეტული, შთამაგონებელი მიზანიდაესწროს  საყვარელ სპორტულ მოვლენას.

*მომხმარებელი არ არის შეზღუდული თავად შეარჩიოს სასურველი ტურისტული სააგენტო.

დაიწყე თანხის დაგროვება, გახსენი თიბისის ანაბარი და დაესწარი სასურველ რბოლას.

  • აირჩიე შენთვის სასურველი ქვეყანა;
  • გაიგე, რამდენი უნდა დაზოგო;
  • გახსენი თიბისის ანაბარი მარტივად, მობაილბანკიდან და მიიღე მაღალი სარგებელი.

გაიგე მეტი და აღმოაჩინე, რა თანხა უნდა დაზოგო, რომ დაესწრო სასურველ რბოლას ნებისმიერ ქვეყანაში: https://tbcbank.ge/ka/my-goal-f1

r

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

აპრილის თვის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 14 და 16 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – „რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა“. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე გაუძღვება.
  • მეორე ტრენინგის თემა მარკეტინგის და ფასწარმოქმნის სტრატეგიას შეეხება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. ტრენინგი ონლაინ ფორმატში, 22 აპრილს ჩატარდება.
  • მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  25 აპრილს გაიმართება და ის ESG თემატიკას  – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას  საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • აპრილის თვის მეოთხე ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური ანალიზის თემატიკაზე იქნება. 29 აპრილს, ბიზნესკონსულტანტი შალვა ახრახაძე მარტივ და ეფექტურ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს განიხილავს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის მდგომარეობის სწრაფი შეფასება და ანალიზი.
  • მეხუთე ტრენინგი 30 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება – შალვა პაპუაშვილი

ახალი ჩანაწერის დამატება

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე“.

„ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.

მანამდე, ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით.

ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს”, ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, 30 წლის წინ, რუანდაში დატრიალებულ გენოციდში.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა.

შესაძლოა, ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა თავად არ გამოჰკრან ჩახმახს თითი, თუმცა ისინი არიან, ვინც ქმნიან ისტერიულ გარემოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობები. აშკარაა, რომ ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა. მხოლოდ იღბალმა და რამდენიმე მილიმეტრმა გადაარჩინა ტრამპი და ფიცო, თუმცა, იღბალმა, შესაძლოა, არ გაამართლოს ყველა საჭირო სიტუაციაში.

ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში, გულუხვი დაფინანსებით, მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და, რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. ამავდროულად, გრანტების მათი საყვარელი მიმღებები, მოქმედებენ, როგორც სოციალური ერთიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის მთავარი დამრღვევები.

შეუძლებელია, დააფინანსო ტერორი და, ამავდროულად, უარი თქვა პასუხისმგებლობაზე. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია, მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართული არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ უფრო მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას.

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც

სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას. როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე.

სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა“, – წერს პაპუაშვილი.

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას – მიხეილ ყაველაშვილი

ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტით იგი დედაენის დღეს ეხმიანება.

„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.

ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ დიდი ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილის მიმართ.

დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვაზე და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – წერს ყაველაშვილი.

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო – რა უნდა ვიცოდეთ შვიდეულის დღეებზე?

ვნების შვიდეული აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმას და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება.

ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა:

I პერიოდი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება.

II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება.

III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.

ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების კვირეული: ორშაბათი – უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა, სამშაბათი – იგავი ათ ქალწულზე,ოთხშაბათი – მაცხოვრის გაცემა, ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა, პარასკევი – ჯვარცმა, შაბათი – მართალთა აღმოყვანება, კვირა – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ვნების შვიდეულში იკითხება: დილა – საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურისა. მუხლდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

აღდგომის მარხვა  3 მარტს დაიწყო  და დასრულდება 20 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით!

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მუშაობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რუტინული მოვალეობების შესრულებას. სანამ ბიზნესწინადადებას დათანხმდებით, გირჩევთ ყველა წვრილმანი განიხილოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა სთხოვოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წინადადებას დათანხმდეთ.

კურო

თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად გრძნობთ და რთული საკითხების გადაჭრა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობის ძველ გზაზე უარი თქვათ და ინოვაციური მეთოდები გამოიყენოთ. ეს საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და, შესაბამისად, საქმიანი აქტივობა მოიკლებს. ახალი ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მოგივათ იდეა, რომელსაც მალე მოგებიანად გამოიყენებთ. პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით დაგმუხტავთ. სავარაუდოდ, უცნობ გარემოში აღმოჩნდებით, რომელთანაც სწრაფი ადაპტაცია უნდა შეძლოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარი პასუხისმგებლობას სხვებს არ გადააბაროთ – სავარაუდოდ, კოლეგები ან ახლობლები თქვენს იმედს არ გაამართლებენ და მათი საქმის თავიდან კეთება მოგიწევთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ.

ქალწული

პრობლემები უკან დარჩა, ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული და მივიწყებული საქმე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი

მთლიანობაში, ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა სამსახურში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დაძლევა და უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცოთ. სასურველია, საღამოს საყვარელ ადამიანებს სამომავლო გეგმები შეუთანხმოთ.

მორიელი

ამჟამად ყველაზე კარგად ორგანიზებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დროა. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობა მოგიწიათ – ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სიახლეებში ადვილად გაერკვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დაძაბულმა მუშაობამ დიდი ძალა წაგართვათ, ამიტომ იმუნიტეტის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გთავაზობთ და არ ინერვიულოთ, თუ მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ამ დღეს ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კოლეგებთან და ხელქვეითებთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას შეძლებთ. საყვარელი ადამიანები მზად არიან გულწრფელად და უანგაროდ დაგეხმარონ, მთავარია, სიამაყე დაძლიოთ და დახმარება სთხოვოთ.

„როდესაც რუსი გეძახის, რომ „ნაცი“ ხარ, მისთვის მიუღებელია, მაშინ კმაყოფილი უნდა იყო, რომ „ნაცს“ გეძახიან” – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია, გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა ჩემთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას „ნაციონალს“ იმიტომ ეძახიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

„როდესაც რუსი გეძახის, რომ „ნაცი“ ხარ, მისთვის მიუღებელია, მაშინ კმაყოფილი უნდა იყო, რომ „ნაცს“ გეძახიან. გახარიას „გაშავება“ კი არ უნდათ, „ნაციონალი“ გახარია არ წარმომიდგენია. ჩემთვის ბიძინას სათამაშო ოპოზიციაა. „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლებლობაა, როდესაც „ნაციონალს“ ეძახიან გახარიას, რათა „ქართულ ოცნებას“ ხმები არ წაართვას.

ჩემი არგუმენტები მაქვს: თუ პრობლემები იყო, 14 წელია ხელისუფლებაში არიან და მოეგვარებინათ. ვიღაც დაეკავებინათ, ასე შემდეგ. ახლა რატომ ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას?! იმიტომ, რომ მთავარი გამწევი ძალაა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, „მოქოცოებს“ არც საყდრისზე ამოუღიათ ხმა და არც მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე. გომელაურის მოადგილემ თქვა, რომ რუსი გენერლები ჩამოჰყავდა გომელაურს ხაჭაპურის საჭმელად“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სააკაშვილის აქციებზე, “free mishaს“ აქციაზე 100 000 ადამიანი გამოსულა რუსთაველზე. როდესაც 50-100 000 ადამიანი გამოდის პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით, დემოკრატიული სახელმწიფო ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ დაფიქრდება, იქნებ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ. რუსული რეჟიმი, რომელმაც ფარცხალაძის ხელით შეთითხნა ბრალი და ამერიკის მიერ დასანქცირებულმა მუსურიძის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, არ დაფიქრდება, უკან არ დაიხევს. “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების უმრავლესობა ყოველდღიურად არის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ სუმზე მიტანილ იერიშს ეხმაურება.

მარკო რუბიოს განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სუმში რუსეთის საზარელი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა გამო. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 84 ადამიანი.

,,არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, – ეს არის მათი ხელწერა”- სოზარ სუბარი

არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, – ეს არის მათი ხელწერა. აქედან კარგად ჩანს, რა იყო მათი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა დღესაც ცოცხალია, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა.

მან ამგვარად შეაფასა ის ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხეომებზე ისმენს.

„დღეს ვერ აკეთებენ ამ ყველაფერს საქმით, თუმცა ამას აკეთებენ სიტყვით, ცილისწამებით, რითაც შეუძლიათ. დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში მოუშვა, რაც მათ შეცდომად მიაჩნიათ, რომ ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ, დღეს რომ ამდენს ბედავენ და ლაპარაკობენ, თუნდაც კომისიის წვერები, არავის ცოცხალს აღარ დატოვებენ და ამ თავის „შეცდომებს“ გამოასწორებენ იმით, რომ სისხლის კალოს გალეწავენ ქვეყანაში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ითხოვდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო,,- ირაკლი ჭეიშვილი

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერია გასაკვირი, როდესაც ისინი ასანქცირებდნენ თავის ქვეყანას წლების განმავლობაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მტრებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, თუ არა მოღალატეობრივი საქციელი. 

„ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერებულიყო. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის მტრებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ, თუ არა მოღალატეობრივ საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.